დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე - 26 თებერვლის მთავარი გამოძახილია. გზავნილი ქვეყნის ყველა დიდი ქალაქიდან გაჟღერდება. სოლიდარობის აქცია დედაქალაქში სტარტს ვარდების მოედნიდან აიღებს. მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ არასრულწლოვნებზე სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა. ბავშვების და ქალების ძალადობისგან დასაცავად შემუშავებულია 100 დღიანი კამპანიაც.
სქესობრივი დანაშაულისგან ქალი დაუცველია - ასეთია მესამე სექტორის მოსაზრება. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პრობლემის მასშტაბურობა კანონმდებლობის არაეფექტიანობაზე გადის. ქალთა უფლებების დამცველები ხარვეზის გამოსწორებისთვის 5 ძირითად მოთხოვნას აჟღერებენ და ცვლილებების დაუყოვნებლივ გატარებას ითხოვენ.
კამპანია ”ნინის გამო” და ”მშობლების მარში” ქობულეთის ტრაგედიის გამოძახილია. საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება აჭარაც, სადაც 14 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
ტრაგიკული შემთხვევების პრევენციისთვის ქვეყანა გაერთიანდა. მართლმსაჯულების პროცესში, არასრულწლოვანთა უფლებების მხარდაჭერას ყველა დიდ ქალაქში მოითხოვენ.