ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება და სწორედ ამ გამოსავლის პოვნას ემსახურება დღეს ელჩთან შეხვედრაც:
"ვისაუბრებთ იმ ძალადობრივ სცენარზე, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, გუშინდელ დარბევაზე, ნიკა მელიას დაკავებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსავალი სჭირდება და რომ ეს გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ მოლაპარაკებებში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოსა და დასავლეთის პარტნიორობას.
"დღეს საქართველო საკუთარმა ხელისუფლებამ მიიყვანა დაპირისპირების უფსკრულის პირას, დღეს საქართველოში შეიქმნა საფრთხე, რომ აღარ ვიქნებით დასავლეთის პარტნიორები და ჩვენს ევროპულ მომავალს შეექმნა საფრთხე, ამის თავიდან აცილება არის ჩვენი მთავარი ამოცანა, იმედი მაქვს, პარტნიორებთან ერთად მოვახერხებთ "ქართული ოცნების" სიჯიუტის და მათი მანიაკალური ამბიციების მოთოკვას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.