"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დღეს საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა თბილისსა და ბათუმში.
დაანონსებული აქცია საქართველოს ჰიმნით დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულებმა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს, დაპატიმრებული ნიკა მელია გაამხნევეს, ხოლო ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. პრიორიტეტად ისევ ერთიანობა დაასახელეს. აქციას მათი უცვლელი მოთხოვნების გარეშეც არ ჩაუვლია - რიგგარეშე არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრები ყველა გამომსვლელის სიტყვაში ისმოდა. არ დავიწყებიათ არც საერთაშორისო განცხადებები და არც დღევანდელი ისტორიული თარიღი.
შემდეგი გაჩერება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა. მოკლე გზით და შეძახილებით ჩასულებმა თან კარვები წაიღეს და საკანონმდებლო შენობის წინ გაშალეს. ხალხმრავლობის გამო გადაიკეტა რუსთაველის ცენტრალური გამზირი, ტრიბუნა კი ისევ პოლიტიკოსებს დაეთმოთ. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიას მამამაც.
3 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაწყებული აქცია 3 საათში პარლამენტთან დასრულდა, თუმცა იქვე ითქვა, რომ მელიას დაკავების გასაპროტესტებლად 26 თებერვალს ისევ შეიკრიბებიან. მანამდე ლიდერებმა სამოქმედო გეგმა გაწერეს, რომლის მიხედვით ღამით კარვებში რჩებიან და იქ მსურველებსაც ელოდებიან.