17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრას საია არ ესწრება

უკვე ერთ საათზე მეტია პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე მოეოთხე შეხვედრას მართავს, სადაც ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე შეჯერება უნდა მოხდეს.

სამუშაო ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებების პირველადი ვერსია, რომელიც გულისხმობს საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურად ჩამოყალიბებას, საარჩევნო უბნებთან რადიუსის განსაზღვრას, ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას და თვითმმართველობის არჩევნების მეტი პროპორციული სისტემის შემოღებას.

დღევანდელ სხდომას არ ესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მათ ამის მიზეზად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება დაასახელეს და სხდომის გადადება მოითხოვეს.

შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო" ესწრება.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავითვალისწინოთ. ხშირ შემთხვევაში ეს რეკომენდაციები, მათ შორის არასამთავრობოების მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში და ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ მათთან ერთად საბოლოოდ შევჯერდეთ ისეთ ვერსიაზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება," - განაცხადა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა და "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

მმართველი გუნდის წევრი შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ ისინი ასევე ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდებიან 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის რეკომენდაციებსაც განიხილავენ.

დღის ამბები