ოპოზიცია მხარდაჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს.
ამ ფორმით აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პოლიტიკური ნიშნით დევნას და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვენ.
"ეს არის, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ნიკას მიმართ. გვინდა რომ გავამხნევოთ. მნიშვნელოვანია ემოციურად, როცა ამხელა სოლიდარობას ხედავ და შენი მეგობრები არიან შორიახლოს. რა თქმა უნდა, ასეთი აქციები იქნება ძალიან ხშირად და უფრო ფართომასშტაბიანი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
აღნიშნული ფორმით ისინი ნიკა მელიას სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ.
"პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური პროტესტი. მეორე - ნიკას გამხნევება, მესამე ის, რომ მეგობრებს არ ვტოვებთ გასაჭირში და გამარჯვება ახლოს არის და ციხე ჩვენ არ გვაშინებს. ამის ბევრი მაგალითია ისტორიულად. ციხეს თუ სწორედ მიუდგები, სამარტოო საკანს თუ სწორედ მიუდგები, უფრო გაძლიერებული გამოხვალ. კარგად უნდა იყოს, რაღაც წიგნები წამოვიღე და შევუგზავნი," - აღნიშნა გიგი უგულავამ.