პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტით, შესაბამისი ხელისუფლების პირები დაინტერესდნენ და სწორედ ამიტომ დაიბარეს ის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში.
ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო - ასე შეფასება მმართველი გუნდის წევრმა, პავილიონისის საქართველოში გაკეთებული განცხადება.
მოგეხსენებათ, რომ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" მისამართით, ნიკა მელიას საქმეზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა, პავილიონისი, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც ნიკა მელია იქ მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდებოდა.
"შესაბამისი ხელისუფლების პირები დაინტერესდნენ იმით თუ რა ვიზიტი განახორციელა ამ პირმა და ის ინტერვენცია, რომელიც მან განახორციელა იყო თუ არა, მეგობრული. საქართველოს მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარესთან მიმართებით იყო ნეიტრალური და ობიექტური. მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო ან რაც არ უნდა სიმპატია გქონდეს, ამას აფიქსირებდე საჯაროდ," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
ოპოზიციაში კი, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პავილიონისის ვიზიტს ნაყოფიერს უწოდებენ.
"ეს ადამიანი მოიქცა მორალურად და ადეკვატურად. მისმა განცხადებებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ზოგს თვალი აუხილა. პავილიონისის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო,"- აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს.
პავილიონისის საქართველოში ვიზიტსა და გაკეთებულ განცხადებებზე კითხვები ლიეტუვის სეიმს გაუჩნდა. როგორც ლიეტუვის მედია იუწყება, პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ვიზიტის დროს დიპლომატიური უნდა ყოფილიყო. ლიეტუვის სპიკერის განცხადებით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა გამოიყენონ "არამეგობრულმა ძალებმა", რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.