პოლიტიკოსები ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას გმობენ. ოპოზიცია და მმართველი გუნდი თანხმდება, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა შემაშფოთებელია, თუმცა მომხდარში ოპონენტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ინციდენტი შემთხვევითობა არ ყოფილა.
"ყველანაირი სფაუძველი მაქვს, რომ ვიფიქრო ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ფაქტი. როდესაც ცნობილ ჟურნალისტს ოპოზიციური არხიდან ქუჩაში თავს ესხმიან ეს შემთხვევით არ ხდება,"- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, რომ ვახო სანაიაზე ძალადობის ფაქტი შემაშფოთებელია.
"სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა და ზოგადად, ყველასთვის, ჩემთვის პირადად, სასურველია ვნახო, რომ ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არცერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი არის ნამდვილად შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.