17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიცია პოლიტიზირებულს, "ოცნება" კი სამართლიანს უწოდებს

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, საჩივარი არ მიიღო და შესაბამისად, ენმ-ს ლიდერი კვლავ პატიმრობაში დარჩა, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მართლმსაჯულებისადმი უნდობლობის მიუხედავად მაინც პატივისცემა გამოიჩინეს პროცედურების მიმართ და სწორედ ამიტომ შეიტანეს საჩივარი სააპელაციო სასამართლოშიც:

"სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ იმიტომ რომ ვეცით პატივი პროცედურებს და გვინდოდა ხალხისთვის დაგვენახებინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ბოლომდე ვიცავთ პროცედურებს. სასამართლოზე როდესაც ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ ერთი ადამიანის ჯიბეში ჩადებულ ინსტიტუტზე,"- განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

სამწუხაროს უწოდებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი იმას, რომ ეს საშუალებაც არ იქნა გამოყენებული სიტუაციის განსამუხტავად. გიგი წერეთლის თქმით, ამან კიდევ ერთხელ მიანიშნა მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებზე და პოლიტიზირებულობაზე.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება, პაატა მანჯგალაძის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ენმ-ს ლიდერის მიმართ შერჩევით სამართალს ჰქონდა ადგილი.

"ლელოს" წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ კანონის ხარვეზის მიუხედავად სასამართლოს შეეძლო ეს საჩივარი წარმოებაში მიეღო. კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ამ პროცესებში მთავარი პრობლემა პოლიტიკურ ნებაშია. კახა კოჟორიძის შეფასებით სწორედ პოლიტიკური ნება იყო ნიკა მელიასთვის პატიმრობა შეფარდებაც და ამის აღსრულებაც.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სამართლებრივად ყველაფერი სწორად განვითარდა და სასამართლოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

"რეალურად რა უნდა ექნა შემდგომ ინსტანციას და როგორ უნდა გამოეყვანა ეს სიტუაცია სხვანაირად, რომ მელიას ეს არ ჩაუდენია, არ გაუკეთებია, სამაჯური არ შეუბამს და არ მოუხსნია და არ გადაუგდია? ე.ი დათანხმებოდა ადვოკატების კონცეფციას, რომ არ არსებობს სასამართლო, ვერ დაიჭერენ, არც გადაიხდის და არაფერი არ მოხდება? რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ პოლიტიკური სიმპათიებიც კი რომ ქონდეს ვინმეს მიმართ?" - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"სასამართლოს არაფრის დიდებით არ უნდა ეხელმძღვანელა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და სხვა კრიტერიუმებით, რომელიც სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებს სცილდება. მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული სასამართლოს მხრიდან, რომელმაც ახსნა, რომ ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების ის მექანიზმი, რომელსაც მიმართეს ნიკანორ მელიას ადვოკატებმა. ამის გასაჩივრების წესი განსხვავებულია, აქედან გამომდინარე, საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები