26 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
ოპოზიციის აქციას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან და ოპონენტების მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებენ

ვიდრე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება, საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების სხდომები მიმდინარეობს. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები აბსურდულია, რადგან ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარი არ არის. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, "ქართული ოცნება" ამ თემის განხილვას კატეგორიულად გამორიცხავს და ოპონენტებს დესტრუქციაში ადანაშაულებს.

"ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ის სამუშაო დღის წესრიგი, რომელიც მაქვს დღეს და გულწრფელად რომ გითხრათ, ამ აქციას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, არც არანაირადაა საინტერესო. ერთადერთი, რაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის სტანდარტი, რასაც ჰქვია აზრის გამოხატვა, იყოს დაცული და ჩატარდეს მშვიდობიანად. ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს არის პოლიტიკური პარტიების პროტესტი," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

აქციის კანონის ფარგლებში ჩატარების იმედი აქვს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალუდა ღუდუშაურსაც:

"არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და რაიმე ისეთ მოქმედებას განახორციელებს. არ მგონია, რომ დღევანდელი აქცია, რაიმეთი განსხვავებული იქნება იმ აქციებისგან, როცა მაგალითად ბატონი უგულავა თხუთმეტიოდე ადამიანთან ერთად დადიოდა რუსთაველის გამზირზე," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე:

"არანაირი დიდი მოლოდინი არ მაქვს, აქცია არავის აღარ უკვირს დღეს, მით უმეტეს, აქცია, რომელიც ცარიელ ადგილზე ტარდება, როდესაც მელია ჰყავთ ძალით ჩასმული თვითონვე ციხეში, იმიტომ, რომ რამენაირად მოახერხონ, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწიონ. ესაა მელიასა და მელიას გარშემო შეკრებილი პოლიტიკოსების მიზანი, მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რას ნიშნავს სიტუაცია დაიძაბება? კიდევ ერთხელ დაიწყებენ შტურმის მიტანას?ესაა მათი საბოლოო მიზანი და პოლიტიკური არსენალი?" - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები