17 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ოპოზიციის საპროტესტო აქციამ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა

ოპოზიციის საპროტესტო აქციამ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა. ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო, რომელსაც სხვადასხვა ლოკაციიდან პოლიტიკური პარტიები და მხარდამჭერები შეუერთდნენ. მსვლელობას ოპოზიციაში "თავისუფლების მარშს" უწოდებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უქმნის საფრთხეს.

"მარტო ქართველი ხალხი არ არის შეწუხებული იმით, რომ ჩვენ გვართმევენ ევროატლანტიკურ მომავალს, ამითი შეწუხებულნი არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მოკავშირეებიც,"- აცხადებს სამადაშვილი. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აქცენტს დიალოგის აუცილებლობაზე აკეთებს და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს კვირებში ოპოზიცია მმართველ გუნდთან შეთანხმებას მიაღწევს. 

"უნდა დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ ძლიერი საქართველოს იდეის გარშემო, ეს არის ჩვენი მიზანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს კვირებში შეთანხმებას მივაღწევთ, მოუწევს "ქართულ ოცნებას" ჩვენი ხმის მოსმენა. მალე დაიდება ის ფორმულა, რომელზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მეშვეობით უნდა შევთანხმდეთ,"-აცხადებს ვაშაძე.

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ქვეყანა თავისუფლების დაკარგვის ხაზზეა, ოპოზიცია კი ამის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა. ნიკა მელია 20 ივნისის აქციების დროს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაშია ბრალდებული, რის გამოც, აღკვეთის ღონისძიების სახით, 40 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა. მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა, მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან სპეცოპერაციის მეშვეობით აიყვანეს.

ამასთან, ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები