ოპოზიციის სამოქმედო გეგმას მმართველი პარტია დესტრუქციად აფასებს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, თუ ოპოზიციის წევრები კანონს დაარღვევენ, ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
"პიკეტირება არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯები და რატომ იგდებენ თავს სასოწარკვეთილებაში მაგასაც ვერ ვხვდები. ხალხმა მათ ხმა მისცა და თან საკმაოდ ბევრი, 60 ადამიანი ჰყავთ შეყვანილი. შებრძანდნენ პარლამენტში, იმუშაონ და იმუშაონ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე უფრო მეტი ხმა აიღონ. იქ, სადაც კანონს დაარღვევენ, ბუნებრივია მათ ამის საშუალება არ მიეცემათ, აქციების მოწყობის უფლება კი ყველას აქვს და ბუნებრივია ხელი არ შეეშლებათ," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, საზოგადოების განწყობა მიხეილ სააკაშვილს და მის თანამოაზრეთა პოზიციასთან თანხვედრაში არ არის.
"ის, რომ პერსონალური დევნა უნდა მოაწყონ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებზე, რასაკვირველია ეს მიუთითებს თვითონ შინაარსზე ამ აქციების და ამ პროტესტის. საზოგადოების განწყობა არანაირად არ შეესაბამება იმ გეგმებს, რაც მიხეილ სააკაშვილს და მის გარშემო შეკრებილებს გააჩნიათ.
არავითარი ნიშანი და საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ საქართველოში პრორუსულ პოლიტიკაზე ილაპარაკოს. პირიქით, ოკუპაციაც და რუსეთის გავლენაც რეგიონში განპირობებულია იმ დანაშაულებრივი შეცდომებით, რომელიც იმ ხალხმა ჩაიდინა, ვინც დღეს ამ აქციებს ხელმძღვანელობს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიცია მსგავსი ქმედებებით შედეგს ვერ მიიღებს.
"აქციებით დადებითად გადაწყვეტილი საკითხი საქართველოში არ მახსოვს უკვე 30 წელია. ეს კიდევ უფრო აწევს პოლიტიკურ ტემპერატურას, კიდევ უფრო აამღვრევს წყალს იმ იმედით, რომ ვიღაცამ შეიძლება ამ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭიროს. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე ფორმით შედეგს მოიტანს," - განაცხადა ხელაშვილმა.