17 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და აქციებით - ლევან იოსელიანი

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ოპოზიციის სამოქმედო გეგმას ეხმაურებიან. როგორც პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ლეგიტიმურია, თუმცა, "მოქალაქეები" მას არ შეუერთდებიან.

ლევან იოსელიანი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს მხოლოდ მოლაპარაკებებში ხედავს.

"ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით. ჩვენ არ შევუერთდებით აქციებს. ჩვენ კონკრეტული ამოცანა გვაქვს, რისთვისაც ვართ პარლამენტში, ეს არის საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რაც არის გადამწყვეტი ამ ქვეყნისთვის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება "ევროპელ სოციალისტებს", დავით  ზილფიმიანი ამბობს, მნიშვნელოვანია ვითარება განიმუხტოს და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები გათვალისწინებული იყოს. 

"ისინი მიიჩნევენ, რა თქმა უნდა, რომ სააქციოდაა საქმე და გამოდიან და გამოხატავენ. აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, განსაკუთრებით ბოლო ხანებში რაოდენ დიდია, ის თხოვნა, მოწადინება ჩვენი პარტნიორებისგან, მოკავშირეებისგან, ჩვენი ძმებისგან, ესეც შეიძლება უფრო მძიმე ფორმაში ვთქვათ იმისა, რომ მთელი ეს მოვლენები გადავიდეს უფრო წყნარ ჩარჩოში და რაღაცნაირად მოხდეს ურთიერთნორმალიზება სიტუაციის,"  - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

დღის ამბები