პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, პროცესების კონსტრუქციულ ჭრილში განვითარება და დიალოგის აუცილებლობა - ამაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებიც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
მხარეებს შორის მოლაპარაკების და დიალოგის მნიშვნელობა კარგად ესმით დაპირისპირებულ ძალებსაც, თუმცა პროცესს განსხვავებულად ხედავენ. ახლა მხარეების ერთი მაგიდის გარშემო შეკრება ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებამ გაართულა.
"ნაციონალური მოძრაობაში" და "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ დიალოგის პერსპექტივა ნიკა მელიას გათავისუფლებაზეა დამოკიდებული.
მხარეებს შორის დიალოგი, რომ აუცილებელია ამაზე ყველა პოლიტიკურ ძალაში პოზიცია შეთანხმებულია - განსხვავებები მხოლოდ მოლაპარაკებების წინაპირობებშია.
მოლაპარაკებების წინაპირობების გარეშე დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილში და ამბობენ, რომ კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა შეძლოს.
არსებული ვითარების გათვალისწინებით პოლიტიკური კრიზის განმუხტვის უალტერნატივო გზა მმართველი პარტიისთვისაც დიალოგია, თუმცა ამბობენ, რომ პროცესების რადიკალიზაცია მათ ოპონენტებს სურთ.
როგორ განვითარდება პროცესები - გაგრძელდება, თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რაუნდი ამ დრომდე ბუნდოვანია.