პარტია "ლელო" "კარვების ქალაქის" საკითხზე აქტივისტების ულტიმატუმს ემიჯნება. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური მოძრაობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს.
აქტივისტებმა ხელისუფლებას 2 კვირიანი ვადა მისცეს მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ რუსთაველზე გზის სავალი ნაწილი კარვებით გადაიკეტება. ხაზარაძე ამბობს, რომ ულტიმატუმებით საუბარი არასწორია.
"რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ ამას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ. იმედი მაქვს… საერთოდ ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და ისინი მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში"- აცხადებს პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
"გაუგონარი სიბეცე" - ასე აფასებს სერგო ჩიხლაძე ხელისუფლების მიდგომას ოპოზიციის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებით.
"შეიძლება ესთეტიკურად ძალიანაც არ მომწონდეს კარვების ქალაქი, მაგრამ ეს არის ხელისუფლებაზე წნეხისა და ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ გაიტვალისწინა ჩვენი კეთილი ნება, როდესაც საერთოდ გავაუქმეთ ყველანაირი აქცია, ასევე დასავლეთის მოწოდებები და აქედან გამომდინარე წავიდა გაუგონარ სიბეცეზე,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია-კონცერტი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტები კარვებში იმყოფებოდნენ.
გზის სავალ ნაწილზე აქტივისტებმა კარავი დღისით დადგეს. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოუწოდეს აქტივისტებს, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. ამ საკითხზე მცირე შელაპარაკებაც მოხდა. აქტივისტები პარლამენტთან ამ დრომდე რჩებიან. ისინი სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ.