16 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
მიტროპოლიტი გერასიმე აფხაზეთში მოღვაწე დეკანოზის განცხადებას და რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვას არასერიოზულად მიიჩნევს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე აფხაზეთში მოღვაწე დეკანოზის ბესარიონ აპლიას განცხადებას და რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვას არასერიოზულად მიიჩნევს.

მიტროპოლიტი განმარტავს, რომ ვერცერთი კანონიკური ქმედება აღნიშნულ ტაძრებში პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ჩატარდება.

"შეუძლებელია, აპლიას წერილზე რეაგირება გააკეთოს რუსეთის ეკლესიამ, რადგან ეს არის არასერიოზული. განსაკუთრებით, დიდმარხვის პერიოდში, როცა ადამიანები ამ დროს იწყებენ მარხვას, ლოცვას, ეკლესია დაკეტო, ეს არასწორია. ადგილზე ადგილობრივმა "ხელისუფლებამ" და სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ, ასეთ პირთან რამე კავშირი უნდათ თუ არა. 

რაც შეეხება ტაძრების გადაკეთებას, კვლავ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩაერთონ ამ საკითხის მოგვარებაში, ჩვენი ეკლესიის მიმართვა არ ჰყოფნის, არ ვიცით, რატომ იკავებენ თავს და არაა რეაგირება, რადგან ეს არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ჩვენგან ყოველთვის იქნება ადეკვატური რეაგირება," - აღნიშნა მიტროპოლიტმა გერასიმემ.

ცნობისთვის, დეკანოზი ბესარიონ აპლია რუსეთის პატრიარქ სთხოვს, რომ "აფხაზეთის ეკლესიის" სტატუსი განსაზღვროს, მანამდე კი ტაძრების უმრავლესობაში მღვდელმსახურების შეწყვეტის შესახებ იუწყება. მისივე თქმით, აფხაზეთში ეკლესია არასდროს ყოფილა და არც იქნება საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ნაწილი.

დღის ამბები