08 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს - საკანონდებლო პაკეტი დღეს დარეგისტრირდება  

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს. პარტია "მოქალაქეებთან" გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული საკანონდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

დოკუმენტის განხილვა უკვე უახლოეს ბიუროს სხდომაზე გატანის შემდეგ კი, კომიტეტებში დაიწყება.

საკანონდებლო ცვლილებები 13 პუნქტს მოიცავს და ერთადერთი საკითხი, რომელიც ღიად რჩება ბარიერის დაწევაა, რომლისთვისაც საჭირო 113 ხმა პარლამენტში არ არის.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა პაპუაშვილი ცვლილებებს განმარტავს. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, საკრებულოში იზრდება პროპორციული წესით არჩეულ წევრთა რაოდენობა, იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. ასევე, მისი თქმით, ინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა.

"წარმოგიდგენთ იმ ძირითად სიახლეებს, რომლებსაც ეს საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს. კერძოდ პირველი, გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი, კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში თბილისი-რუსთავი-ქუთაისი-ფითი-ბათუმი, ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი. მეორე, საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპით, ანუ ერთი პარტია ერთი წევრი. მესამე, დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა.

მეოთხე, აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა. მეხუთე, აიკრძალება საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე.

საერთო ჯამში, არჩევნებზე გადაითვლება 365 უბანი, რაც წარმოადგენს უბნების საერთო რაოდენობის 10%-ს. შემდეგ გაიზრდება საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები. მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება, შეეხება საარჩევნო ბარიერს. როგორც იცით, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით დღეს გათვალისწინებული 5%-იანი ბარიერიდან მაქსიმუმ 3%-მდე, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ პარლამენტში აქტიურად მუშაობდეს 113 დეპუტატი, რომელიც საჭიროა კონსტიტუციის შეცვლისთვის,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეფასება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანმა, ლევან იოსელიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რის გამოც "მოქალაქეები" პარლამენტში შევიდნენ. 

"ეს და სხვა ყველა ცვლილებები, რაც ამ კანონპროექტით არის გათვალისწინებული, არის ჩემი აზრით, რევოლუციური. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მეც და ალეკო ელისაშვილიც ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, პრაქტიკულად ჩვენ შევასრულეთ. ეს ცვლილებები ითვალისწინებს ყველაზე მთავარს, ელექტრონული მთვლელი მანქანების შემოტანას პირველ ეტაპზე ნაწილ უბნებზე და შემდეგ მთელ საქართველოში რეგისტრაციას ანაბეჭდის საშუალებით, რაც გულისხმობს, რომ ეს ყბადაღებული თემა კარუსელების საბოლოოდ დაიხურება,“ - ამბობს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები