17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები ოკუპირებულ აფხაზეთში - შეკრებილები ამბობენ, რომ ე.წ პრეზიდენტის თანაშემწის ქართულ მხარესთან შეხვედრას აპროტესტებენ

სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება, რომელზეც, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაშემწის, ბენურ კვირაიას მიერ ქართულ მხარესთან გამართულ შეხვედრებს აპროტესტებენ. 

"აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით:

"პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ბენურ კვირაია ორი პირის თანხლებით გაემგზავრა საქართველოში პირდაპირი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად მოლაპარაკებების გასამართად."

ასევე, აფხაზური ე.წ. ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა ვიდეოც, სადაც, მათი თქმით, კვირაია აფხაზეთისა და საქართველოს საერთო ისტორიაზე, ქართველ მეგობრებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნეგატივი წარსულში უნდა დარჩეს და მხარეებმა თანამშრომლობაზე უნდა იფიქრონ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წინ შეკრებილების თქმით, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ ხდება საზოგადოებაში იმ აზრის გავრცელება, რომ აუცილებელია საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგის დაწყება.

ამავდროულად, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბენურ კვირაიამ პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა ჯერ კიდევ 19 თებერვალს დატოვა და მისთვის არავის დაუვალებია საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოება.

აფხაზური მედია კვირაიას ინტერვიუსაც ავრცელებს, სადაც ის აცხადებს, რომ მისი გამგზავრების მთავარი მიზანი აფხაზეთში ინვესტიციების შეტანა იყო.

საპროტესტო აქცია ე.წ. პარლამენტის წინ ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეთა წარმომადგენლები ე.წ. ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ მოსალაპარაკებლად.

დღის ამბები