19 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბოლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.  მოსამართლე ბიძინა სტურუა სათათბიროდ გავიდა, რის შემდეგაც უკვე განაჩენი გახდება ცნობილი. უცნობია, როდის გამოაცხადებს ის გადაწყვეტილებას. მოსამართლე 7 საათის განმავლობაში ისმენდა ბრალდებულების რეპლიკებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე რეპლიკის უფლებით ისარგებლა 5-ვე ბრალდებულმა, განცხადებები საკმაოდ ემოციური იყო.

ბრალდებულების მშობლები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან და გამამართლებელ განაჩენს ვარაუდობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო აქციები დაიწყონ.

"ბოლო სიტყვები რაც მოვისმინე, ეს იყო, რომ თუ მესვრით და მომკლავთ, ეს არის ჩემი განაჩენი და ეს არის ჩვენი ოჯახების. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი მოკლა, ესროლო და ისე მოკლა. ესეც არის ოჯახების სიკვდილი. მოლოდინი მაქვს, რომ გამამართლებელი დადგება. ჩემი შვილი როგორც დამენანებოდა და გული დამწყდებოდა, ესე მენანება ეს ბავშვი,“ - ამბობს ვახტანგ ჩიქოვანის დედა ნინო გოგილაშვილი.

ნიკა რევაზიშვილის ძმა ვახო რევაზიშვილი ამბობს, რომ თუკი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, ბრძოლა გაგრძელდება. 

"რეალურად, არის ორი ვარიანტი. მოსამართლე არის გაყიდული და გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და მეორე ვარიანტი - მოსამართლე იმსჯელებს ობიექტურად, შეაფასებს საქმის მასალებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. ეს ყველაფერი გამოჩნდება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. თუ იქნება გამამტყუნებელი, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ,“ - აცხადებს ვახო რევაზიშვილი. 

დღის ამბები