პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნამახვანჰესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.
"მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, დასაბუთებული, პროფესიონალური, კვალიფიციური პასუხი. ვფიქრობ, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. ამიტომ მე მინდა, ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ და დაიწყეთ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი.
ასევე, მინდა, ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეიძლება გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა ცხარე შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი.
მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, არის ის, რომ ყოველ წელს მინიმუმ საშუალოდ, 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.