პროტესტის პარალელურად, მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ორივე მხარე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის და სივრცე კონკრეტული შეთანხმებებისთვის არსებობს.
"დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. მე ვფიქრობ ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და შევთანხმდეთ თუ როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
"გუნდის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს. ყველა ფორმატი შეიძლება იყოს გამოყენებული. ყველა ხერხს მივმართავთ იმისათვის, რომ პოზიციები მაქსიმალურად მოქნილი იყოს. ოპოზიციის პოზიციას ველოდებით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია კი ცნობილია. მოლაპარაკებისთვის ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული. რაც შეეხება კურსის ცვლილებაზე რაიმე მინიშნებას, ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ამას კატეგორიულად ვამბობ,"- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, პარტიის შიგნით მოლაპარაკებაზე ერთიანი პოზიციაა. გიორგი ხელაშვილის თქმით, პროგრესისთვის საჭიროა არამარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა.
"პარტიის შიგნით ერთიანი პოზიცია გვაქვს. ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო. შესაბამისად პროგრესისთვის საჭიროა არამარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა. ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, უნდათ მათ მუდმივად ამ არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა, თუ უნდათ რეალურად შედეგის მიღწევა,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.
მიუხედავად მზაობისა, ჯერჯერობით ფასილიტატორების მონაწილეობით მოლაპარაკება არ ჩანიშნულა. საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ კი, მხარეებს შეთანხმებისთვის სულ უფრო მცირე დრო რჩებათ.
ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტული გადაწყვეტილებებით ბრიუსელში 16 მარტს უნდა ჩავიდეს.