26 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
ჩვენი ხმა, როგორც ნიკა მელიას, ასევე ხელისუფლებას უნდა გავაგონოთ - ენმ-ის თავმჯდომარის მხარდამჭერი აქცია-მსველელობა ერთ საათში დაიწყება

ერთ საათში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია დაიწყება.

აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები რესპუბლიკის მოედნიდან, რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონით გაემართებიან.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების განახლების შემდეგ ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა და პროტესტის ფორმები შეცვალა, ამიტომ შენობების პიკეტირებები აღარ მოხდება. გადაიდო 13 მარტს დაგეგმილი აქციაც.

დღევანდელი მსვლელობა რუსთავის სასჯელაღსრულების 12-ე დაწესებულებასთან დასრულდება.

როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, აქცია-მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.

"ჩვენ ყველა, ყველა აქტივისტი, მოხალისე ადამიანი უნდა მივიდეთ იქ და გავაგონოთ ჩვენი ხმა, როგორც ნიკა მელიას, ასევე ხელისუფლებას. ძალიან მშვიდობიანი აქცია იქნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე ნიკაც გარეთ იქნება და თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი იქნება თავისუფლებაზე და იქნება თავისი ქვეყნის აღმშენებლობის ფერხულში ჩაბმული," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ.

ამასთან, ოპოზიციის წევრები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

"პერმანენტული აქციები გაგრძელდება. ოპოზიციაში შეთანხმება მოხდა დროების გადანაცვლებასა და ფორმაზე. დღევანდელი აქცია-მსვლელობა გაგრძელდება რუსთავში, საპატიმროსთან. ბრძოლა იქნება მანამდე, ვიდრე ნიკა მელია არ იქნება თავისუფალი და რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნება ამ ქვეყანაში," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები