19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
მინდა პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოთ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამოძიება - ნინო წილოსანი შს მინისტრს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა, პირად კონტროლზე აიყვანოს არასრულწლოვან გოგონათა მიმართ ჩადენილი სექსუალური ტიპის დანაშაულის გამოძიება და მოძალადეთა შესაბამისად დასჯა.

ნინო წილოსანმა გაიხსენა ბოლო დროს მომხდარი მსგავსი ფაქტები და ხაზი გაუსვა, რომ იმ დროს, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის მგრძნობიარე ასეთი შემთხვევების მიმართ, სახელმწიფოს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

"ქალთა მიმართ ძალადობა კრებითი სახელია და მასში მოვიაზრებთ დაწყებული ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ცოლ-ქმარს შორის ჩხუბსაც კი უწოდებს, ასევე, ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტებს და, ასევე, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის იმ საშინელ და ტრაგიკულ ფაქტებს, რაც პერიოდულად გვესმის. გუშინაც გახმაურდა, რომ დააკავეს სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 11-12 წლის გოგონას სისტემატიურად აუპატიურებდა. დიახ, არ შემეშინდება ამ ტერმინის გამოყენების, მიუხედავად იმისა, რომ საქმე სხვა მუხლითაა აღძრული, არ შეიძლება ეს გაუპატიურების აქტი არ იყოს, როდესაც 50 წლის კაცი 11 წლის ბავშვთან ამყარებს სექსუალური ხასიათის ურთიერთობას.  წარმოუდგენელია, ეს არ იყოს მასზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის და მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენების კომპონენტის გარეშე.

სულ ცოტა ხნის წინ იყო 14 წლის გოგონას ტრაგიკული თვითმკვლელობის თემა, რომელიც, ფაქტობრივად, ორმაგი ძალადობის მსხვერპლი იყო. თითოეულ ასეთ შემთხვევაში ჩვენს თავს ვუსვამთ კითხვას, რა უნდა გავაკეთოთ დამატებით, რომ ასეთი შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ.

იმ პირობებში, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის მგრძნობიარე მსგავსი ფაქტების მიმართ,  ჩვენი, როგორც სახელმწიფოს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მტკივნეული საკითხია არასრულწლოვან გოგონათა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაული, მოძალადეების სრული სიმკაცრით დასჯა. მე მინდა თქვენი პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოთ აღნიშნული საკითხი, რომ ადამიანთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნიოს დროულად გამოვლენა, რეაგირება, მონიტორინგი, რომ სათანადო და ძალიან მკაცრი სასჯელის ქვეშ მოხვდნენ ეს ადამიანები,"-განაცხადა ნინო წილოსანმა. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით წარდგა. ამ წუთებში, მინისტრს კითხვებს უსვამენ. 

დღის ამბები