აჭარაში ვაქცინაცია დაიწყო - რეგიონში COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი აცრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გაიკეთა. მისი თქმით, აჭარის მასშტაბით მომუშავე მედპერსონალში მზაობაა, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ.
ნინო ნიჟარაძე ასევე ამბობს, რომ ექიმებს შორის გარკვეული კონტიგენტი სკეპტიკურად არის განწყობილი, ამიტომ ის მოუწოდებს ყველას ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში. დღის ბოლომდე ბათუმში 100-მდე მედპერსონალი აიცრება.
აჭარაში ვაქცინაციის 9 კაბინეტი მოქმედებს, აქედან ოთხი ბათუმში და 5 რეგიონის მუნიციპალიტეტებში. აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი 17 მარტიდან დაიწყება.
"ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი პანდემიის დასასრულის დაწყების, ეს არის ვაქცინაცია. ამიტომ ყველას გელოდებით, გვაქვს იცით AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელსაც აქვს ჯანმო-ს ავტორიზაცია და ის აკმაყოფილებს ყველა ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტს. 100%-იან პრევენციას უკეთებს მძიმე შემთხვევების განვითარებას, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ უფრო ინტენსიურად ჩაერთონ პროცესში და ველოდებით ვაქცინაციას," - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.