ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ზ.ხ.-ს ნათესავი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"ამას 10 დღეც არ ეკუთვნის აქ ციხეში ჯდომა. რატომ ეკუთვნის რა, დააშავა რამე? მოკლა?! დამიმტკიცონ, რომ მოკლა და სამუდამო მიუსაჯონ. საქართველოში რომ ვერ მიაღწევ სამართალს, ყველამ კარგად ვიცით, საჩივარს შევიტანთ სტრასბურგში და მერე რომ დაამტკიცებენ, რომ ეს უსინდისო სასამართლოა, თავი მოეჭრებათ მსოფლიოში, მხოლოდ ამ ქვეყანაში კი არა," - განაცხადა მსჯავრდებული ზ.ხ.-ს ნათესავმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედაც. როგორც ის აცხადებს, მისი შვილი უდანაშაულოა.
"სპეცრაზმი ხომ არ იყო, რომ ასე 6-7 წუთში მოესწროთ ყველაფერი, მერე ამირხანაშვილი ენახათ და შემდეგ იმას გასაუბრებოდნენ. ჩემი შვილი ლამის ჩაყვა თან ამირხანაშვილს, უნდა ამოეყვანა და რევაზიშვილმა დაუძახა, გადავარდები მანდო... რელიეფი არ იცოდა საერთოდ ჩემმა შვილმა, სად უნდა გაკიდებოდა," - აღნიშნა ა.ქ.-ს დედამ ნინო ჩქარეულმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.