17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
რა კონკრეტული წინადადებით მიმართავს დანიელსონი პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს - პარტიები მოლაპარაკების პროცესის განახლების მოლოდინში არიან 

კრისტიან დენიოლსონის მოულოდნელად გახანგრძლივებული ვიზიტი თბილისში ისევ გრძელდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დღეს დილიდან ისევ სამუშაო ადგილზეა. შვედი დიპლომატი ევროკავშირის ოფისში ელოდება პოლიტიკოსებს, რომლებიც უკვე 5 თვეა შეთანხმებამდე ვერ მიდიან.

არის მოლოდინი, რომ კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მისამართით კონკრეტულ შეთავაზებას გააკეთებს.

ჯერჯერობით, ამ დროისთვის ოფიციალური შეხვედრა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ჩანიშნული არ არის, თუმცა მოლოდინი, რომ შეხვედრა შედგება, არსებობს. მხარეები მოლაპარაკების პროცესის განახლებას ელოდებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა.

"მე ვფიქრობ, რომ სანამ მედიაციის პროცესი გრძელდება, მანამდე, მათ შორის, ჩვენს მედიატორებს, როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ სივრცე შეთანხმებისთვის არის. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, რომ მედიაციის პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ვადამდელი საპარლამენტო არჩენვების ჩატარებაზე საუბრობს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია. 

"ღარიბაშვილის განცხადება არაფრის მომცემი არ არის. ფაქტიურად, როცა უნდა მაშინ გადათქვამს, როცა უნდა მაშინ სხვას იტყვის. ეს არაერთგზის გაუკეთებია ქართულ ოცნებას. ამიტომ, მისი განცხადებებით რაიმე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. მედიაციით არის ჩართული პრეზიდენტი მიშელი ამ საკითხში და მისი მონაწილეობა გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს ისე, როგორც საჭიროა ქართველი ხალხისთვის. ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრები,’ - აცხადებს

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მოლოდინი არსებობს, რომ დღეს ქრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა შედგება. მისი თქმით, ანალოგიური მოლოდინი აქვს ევროკავშირის მხარესაც.

"რა იქნება მოლაპარაკებების შემდეგ, მოვალთ შეთანხმებამდე, არ მივალთ, ამას უახლოესი დღეები, დღევანდელი და ხვალინდელი დღე დაგვანახებს,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მიმავალი გზა გამოიკვეთოს.

"მე მაქვს იმედი, იმიტომ რომ ყველა რთული მოლაპარაკება სწორედ იმიტომ არის რთული და იმიტომ გრძელდება თვეების განმავლობაში, რომ ბევრი გადაწყვეტილების მიღება უწევს ამ პროცესში მონაწილე მხარეებს, მათ შორის კომპრომისული გადაწყვეტილებების. მაგრამ მთავარი გარანტია და ყველაზე პოზიტიური ელემენტი ამ პროცესში არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის, ევროკავშირის ჩართულობა და ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობის პირის ჩართულობა ამ პროცესში, რომელიც არის სწორედ ის მნიშვნელოვანი გარანტი, რომ ჩვენ მხარეები აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის სწორედ რომ შევთანხმდეთ ამ ვადამდელ არჩევნებზე და მის თარიღზე ან რეალურ გზაზე იმისათვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებზე. პლებისციტი, ჩვენ მიგვაჩნია სწორედ იმ გზად, რომელიც მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე,’ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

დღის ამბები