საერთო ოპოზიციურ ერთობას "მოქალაქეებისა" და "გირჩის" შემდეგ, შესაძლოა, "ლელოც" გამოაკლდეს.
ამის საფუძველი შეიძლება გახდეს "ლელოს" ლიდერების განწყობა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უნდა ჩამოშორდეს.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ამ მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირებას მოჰყვა პასუხი "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" მწუხარებას იმის გამო, რომ მათ "ბადრი ჯაფარიძემ იმედები გაუცრუა."
ირაკლი ოქრუაშვილის პოსტის პასუხად "ლელოს" წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ადამიანის პოლიტიკურ მნიშვნელობას საზოგადოებრივი მხარდაჭერა განაპირობებს, ხოლო იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში უკვე დიდი ხანია აღარ იმყოფება, მას მის პოლიტიკურ როლზე საუბარი უჭირს.
საკითხზე ვრცლად კომენტირება არ ისურვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ არსებული პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთისკენ თითს არ უნდა იშვერდნენ.