საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში მონაწილეობის მისაღებად შვედეთში გაემგზავრა.
ვილი სანიოლის გუნდმა სტოკჰოლმში წასვლამდე ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დილის ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის, იყო ჟორჟ მიქაუტაძეც, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ეტაპის პირველ სამ შეხვედრაში დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩატარებულმა სავალდებულო კოვიდ-19-ის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი მარტის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიღებს. დღეს, ვილი სანიოლის გუნდი, სოლნას ფრენდს არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება ზლატან იბრაჰიმოვიჩიც. მილანის შემტევმა გუშინ ნაკრებთან ერთად 2016 წლის შემდეგ პირველად ივარჯიშა. შვედეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, 116 თამაშში 62 გოლით, ნაკრებს 5 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
ერთი წლის წინ შვედმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანაკრებო პაუზის დასრულება სურს. რაღა თქმა უნდა, ეს ფრაზა უყურადღებოდ არც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა დატოვა და 39 წლის ფორვარდს კვლავ ეროვნულ გუნდში უხმო.
შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.