ახალი დეტალები კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე - "კურიერი" ერთ-ერთ დაჭრილს მუხრან მესხიას ესაუბრა, რომელსაც თანმხლებ პირებთან ერთად მანქანაში ესროლეს.
დაჭრილის თქმით, ის და მისი თანმხლები პირები სამუშაოზე მიდიოდნენ. რა მიზეზით მოხდა მათ მიმართ სროლა, დაშავებული ვერ ასახელებს.
დაჭრილი ვერც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ მათზე თავდასხმა მალხაზ ბადუაშვილის გამო განხორციელდა.
"5 თვეა, რაც ვმუშაობთ, ფიზიკურად ვმუშაობთ. ჩვეულებრივად მივდიოდით სამუშაოდ, მეტი არაფერი, არ დამინახავს არავინ. ბადუაშვილს უკავშირდება თუ არა, არ ვიცი," - განაცხადა ერთ-ერთმა დაჭრილმა.
"კურიერი" მალხაზ ბადუაშვილის მამასაც ესაუბრა, რომელის თქმითაც, დაშავებულები და გარდაცვლილი მათთან მუშაობდა. მამის თქმით, მისი შვილის მიმართ ადრე მუქარა არ ყოფილა.
"სამუშაოზე დაჰყავდა მუშები, ყოველდღე მამულში დადიოდა, ერთად მუშაობდნენ. ჩემი შვილის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მგონი 4-ნი იყვნენ. მეგრელები იყვნენ, ჩამოსულები არიან ზუგდიდიდან. ყოველდღიურად ვამუშავებდით და ფულს ვაძლევდით. არავისთან არც მუქარა ყოფილა, ყველასთან მეგობრულად იყო," - აღნიშნა მალხაზ ბადუაშვილის მამამ.
"კურიერი" ადგილობრივებსაც ესაუბრა, რომლებიც მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.
მოკლულია 40 წლამდე მამაკაცი, 3 პირი კი დაიჭრა. გავრცელებული ვერსიით, თავდამსხმელი სხვას ეძებდა, მის ავტომანქანას კი იმ დროს სხვა პირი მართავდა, თავდამსხმელმა ის ვერ იცნო და შეცდომით მოკლა.