მეგი ბაქრაძის ტელეფონი ადვოკატებმა სამართალდამცველებს გადასცეს - პოლიციაში დაღუპული ექთნის ბიძაც იმყოფებოდა.
გარდაცვლილის ოჯახის პოზიციაა, რომ ექთანი ახალციხის "იმედის" კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი მივიდა და ჯანმრთელობის პრობლემები, რაც შემდგომ გარდაცვალებით დასრულდა, სწორედ ვაქცინაციის პროცესის შემდგომ განვითარდა.
როგორც მეგი ბაქრაძის ბიძა ამბობს, ოჯახი ამ ეტაპზე კონკრეტულად ხელს არავის ადებს და გამოძიებას ელოდება.
"ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ადამიანი მივიდა ჯანმრთელი სამსახურში, მას ის ნემსი რომ არ გაეკეთებინა, დღეს ცოცხალი და ჯანმრთელი იქნებოდა. ის ნემსი რომ გაიკეთა, მას მერე დაეწყო პრობლემებიც და გარდაიცვალა კიდეც.
ჩვენ ხელაღებით არც მედპერსონალს ვადებთ ხელს, თუ გინდ იმ აფციაურზე, არ ვიძახით ჩვენ, რომ იმის ბრალია. ჩვენ გვინდა, რომ გავერკვეთ სიტუაციაში თუ ვისი ბრალია, ამ ეტაპზე ხელს არავის არ ვადებთ და არ ვცდილობთ, რომ ვიღაცა დამნაშავედ გამოვიყვანოთ," - განაცხადა გარდაცვლილი ექთნის ბიძამ.
პარალელურად განცხადება გააკეთა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა. ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან თბილისის კლინიკაში შეყვანისას ექთანი გარდაცვლილი არ იყო და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.