19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ინფიცირებული პრემიერი, თვითიზოლაციაში გადასული პრეზიდენტი და დამძიმებული ეპიდვითარება - ელოდება თუ არა ქვეყანას მესამე ლოკდაუნი

გეგმური შემოწმების შედეგად პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დღეს დილით დაუდასტურდა - ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე პირადად გაავრცელა. მთვარობის მეთაური თვითიზოლაციაშია და სახლის პირობებში მკურნალობს. 

რატომ არ იყო აცრილი პრემიერ-მინისტრი - ეს კითხვა დღეს მედიამ ჯანდაცვის უწყებაში დასვა. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არც ერთ სამიზნე ჯგუფს არ განეკუთვნებოდა და თანამდებობრივი სტატუსი ვაქცინაციის განმსაზღვრელი არ არის.

პრემიერთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა პრეზიდენტიც. მიუხედევად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ საჯაროდ აიცრა, პროტოკოლის გათვალისწინებით, მას იზოლირებულ გარემოში დარჩენის რეკომენდაცია მისცეს.

900-მდე დადასტურებული ფაქტი იანვრის შემდეგ ქვეყანაში არ ყოფილა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაწყებულია და ქვეყანა მესამე ტალღის ფაზაში უკვე შესულია. ამირან გამყრელიძეს მოქალაქეების პასუხიმგებლობის იმედი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ მკაცრი შეზღუდვების მოთხოვნით საკოორდინაციო საბჭოს მიმართონ.

ვირუსის მაჩვენებლების მატებას სპეციალისტები რეგულაციების ერთიანად მოხსნას და მობილობის გაზრდას უკავშირებენ. მესამე ტალღის დაძლევა, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოს დაბალი ვაქცინაციის პირობებში გაუჭირდება.

დამატებითი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს ნორვეგიიდან ქართველი სპეციალისტი. ზაზა წერეთელს მიაჩნია, რომ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ვირუსის შეკავებისთვის საკმარისი არ არის.

ვითარება რომ რთულია, ამას ჯანდაცვის უწყებაშიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ გადამწყვეტი მომდევნო კვირა იქნება. სამინისტროში სპეციალისტებთან ერთად უკვე მსჯელობენ სააღდგომო დღესასწაულებზე დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე.

ჯანდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ სისტემა მესამე ტალღისთვის მზადაა და თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანაში ნოემბრის მონაცემები არ გამეორდეს, როდესაც დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა ათასებს აღწევდა, საჭიროა მეტი ადამიანი აიცრას.

 

 

 

დღის ამბები