კორონავირუსის ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ნახტომისებურად გაიზარდა. სპეციალისტები საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ. საკოორდინაციო საბჭოზე შესაბამის უწყებებს დაევალათ, უმკაცრესი კონტროლი განხორციელდეს ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე, განსაკუთრებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე.
ქვეყანაში უკვე 18 ე.წ. კლასტერია. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას ხელს რეინფიცირების შემთხვევებიც უწყობს. ვირუსი განმეორებით უკვე 100-მდე პირს დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორია დამატებით 19 სავარაუდო ფაქტს იკვლევს.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობისთვის სპეციალისტები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაზე მოთხოვნა გაზრდილია. სამომავლოდ, იზრდება კლინიკების ჩამონათვალი, სადაც იმუნიზაციის პროცესი დაიწყება.
დღესვე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ გარკვეული რეგულაციები შემსუბუქდა.
დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე არებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, დამატებით მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობაზე არ უმსჯელიათ. თუმცა, გამორიცხული არ არის, საბჭომ ეტაპობრივად დააბრუნოს ყველა მკაცრი ზომა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეამსუბუქა.