19 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება - ოჯახი მოსამართლის აცილებას მოითხოვს

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის საქმის განხილვა გრძელდება. რაიონულ სასამართლოში დღეს საქმის ტექნიკური პროცესი გაიმართება. როგორც მხარეების ადვოკატები ამბობენ, დამტკიცდება კითხვარის ის ფორმა, რომლითაც მომდევნო სხდომებისთვის ნაფიც მსაჯულთა სია შედგება. დაცვის მხარე პროცესზე არანაირი შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს, თუმცა, შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს დაზარალებულის მხარე.

დაზარალებული მხარის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საქმეში არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენ პირს დაუმტკიცდეს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. მისი მოლოდინია, რომ აღნიშნულ საქმეზე აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ასევე ადვოკატი საქმისგან მოსამართლის აცილებას მოითხოვს, რადგან მისი განმარტებით, მოსამართლე ბრალდებულს კარგად იცნობს და ამასთან, ისინი კარის მეზობლები არიან. 

ბრალდებული ადვოკატი გიორგი გაბოძე კი აცხადებს, რომ მათ უკვე აირჩიეს ნაფიცი მსაჯულები. ის არ გამორიცხავს, რომ გარკვეული კითხვების დამატებაზე ჰქონდეთ შუამდგომლობა. ის დაზარალებულის ადვოკატსაც პასუხობს და ამბობს, რომ არ იცის და არ სმენია, რომ ბრალდებული და მოსამართლე მეზობლები არიან. 

საქმეზე ბრალდებულია თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი, რომელიც ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობა ედება, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა მანქანაში მიაყენა.

დღის ამბები