დაწესდება თუ არა რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში დამატებითი რეგულაციები - ამ თემის განსახილველად დღეს, პრემიერის მეთაურობით, კოვიდსაბჭო შეიკრიბება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში შრომითი ინსპექციის მხრიდან ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს, გამკაცრდა დაჯარიმებებიც. შემთხვევების აგრესიული მატების შემთხვევაში უწყებაში გარკვეული შეზღუდვების ამოქმედებას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ფართომასშტაბიან ლოკდაუნზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.
"საბჭოზე ჩვენ განვიხილავთ კომპლექსურად იმ მაჩვენებლებს, რომელიც ხდება საფუძველი იმისათვის რომ ქვეყანაში დაწესდეს სხვადასხვა რეგულაცია. უქმე დღეებთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს საბჭო, თუ რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, საბჭოზე განხილული იქნება იმ შეზღუდვების აღსრულება, რომელიც დაწესებულია სოციალური ღონისძიების რეგულირებისთვის. ასევე მისი განცხადებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება ინფიცირების მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული.
"მობილობის შეზღუდვა არის ჩვენთვის მთავარი ბერკეტი. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ იქნება შემთხვევების აგრესიული მატება, შესაძლოა, ისევ დადგეს საკითხი, გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვების და ვიცით, რომ აქამდეც იყო გარკვეულ ადგილებზე. ფართომასშტაბურ ლოკდაუნზე საუბარი ნამდვილად არ არის," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში გუშინ 1800-მდე დაინფიცირების ახალი ფაქტი გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი; ამჟამად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება. მნიშვნელოვნად გაზრდილია დადებითობის პროცენტული მაჩვენებელიც.