19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
წვეულებები თბილისში, წავკისში, გაქირავებულ ფართებსა და კლუბებში - პოლიციას და შრომის ინსპექტორებს დატვირთული ღამე ჰქონდათ

"გეითი ნომერი 36" დახურული, დალუქული და დაჯარიმებულია - შრომის ინსპექციამ 10 000 ლარიანი ჯარიმა ორგანიზატორს, ხოლო 2 000 ლარიანი ფართის გამქირავებელს დააკისრა. მიზეზი ის ხმაურიანი წვეულება გახდა, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად თბილისში გასულ ღამეს გაიმართა.

კიდევ ერთი კოვიდრეგულაციების დარღვევის ფაქტი უკვე უკვე პოლიტკოვსკაიას 10 ნომერში დაფიქსირდა. ადგილობრივებმა პოლიცია მოჩხუბარი ახალგაზრდების გასანეიტრალებლად გამოიძახეს. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ გაირკვა, რომ დაპირისპირება უკავშირდებოდა დახურულ წვეულებას, რომელიც ამავე მისამართზე, ნაქირავებ ბინაში იმართებოდა. შრომის ინსპექტორებს ადგილზე დახვდნენ წვეულების სტუმრებიც და მახლობლად მცხოვრები მასპინძელიც, რომელიც როგორც აღმოჩნდა ერთდროულად ორ სახლს აქირავებდა.

დახურული წვეულების დათმობილი ფართების მეპატრონე დღეს კამერებთან აღარ გამოჩენილა, თუმცა გასული ღამის მოვლენებს ადგილზე მოსახლეობა იხსენებდა.

პოლიციას და შრომის ინსპექტორებს დატვირთული ღამე ჰქონდათ არამხოლოდ თბილისში, ასევე მის შემოგარენშიც. ასევე გავრცელდა წავკისში გადაღებული კადრები, სადაც წვეულების ორგანიზატორი სტუმრებს ღია სივრცეში, თუმცა როგორც გაირკვა რეგულაციების დარღვევით მასპინძლობდა.

თბილისში დაჯარიმებული 10-მდე კერძო და იურიდიული პირის გარდა, ცალკე სტატისტიკა წარმოებს ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. ბათუმში, სანაპირო ზოლთან მდებარე ერთ-ერთი კლუბის იდენტიფიცირებას, სადაც გასულ ღამეს ასევე ხალხმრავალი წვეულება იმართებოდა, მარეგულირებელი უწყებები ამ ეტაპზე ცდილობენ.

დღის ამბები