26 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის წევრები ზეწოლას აძლიერებენ ამერიკის ადმინისტრაციაზე, აამოქმედოს სანქციები "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის"შესაჩერებლად

შეერთებული შტატების კონგრესის წევრები ზეწოლას აძლიერებენ ამერიკის ადმინისტრაციაზე, აამოქმედოს სანქციები "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" შესაჩერებლად.

ატლანტიკურ საბჭოში მომზადებული კვლევის მიხედვით, გაზსადენის პროექტის დასრულების შემდეგ, მოსკოვი შეეცდება დააშოროს გერმანია და ავსტრია, დასავლეთს და წაახალისოს კორუფცია ამ ქვეყნებში. ასევე, ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში რუსული სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას, რადგან ტრანზიტის უკრაინული ხაზი, სავარაუდოდ, გაჩერებული იქნება.

"ჩვენ რუსეთი უნდა გვყავდეს ანგარიშვალდებული იმ საფრთხისთვის, რომელსაც "ჩრდილოეთ ნაკადი 2" ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას უქმნის. გაზსადენის დასრულება, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და პარტნიორებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. შეერთებული შტატები უნდა გააქტიურდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ, როგორ მოახდენს რუსეთი კიდევ ერთხელ მისი რესურსების იარაღად ქცევას,"-აცხადებს კონგრესმენი პენსილვანიის შტატიდან ბრაიან ფიტზპატრიკი

კონგრესმენმა თქვა, რომ ნატოელი მოკავშირეებისთვის მიყენებული ზარალის შემდეგ, გერმანია ვეღარ დაიწყებს იმის რწმუნებას, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2" მხოლოდ ეკონომიკური პროექტია. დიპლომატი ჯონ ჰერბსტი, რომელიც უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩი იყო, ამბობს, რომ გერმანიის და რუსეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სახიფათოა.

"ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" ყველაზე საშიში მომენტი მისი გეოპოლიტიკური ეფექტია. ეს არის კრემლის მცდელობა, გერმანიის ნეიტრალიზებისთვის. ამ პროექტის შეჩერება ამერიკის უდიდესი ინტერესია. არ ვამბობთ, რომ ევროპამ რუსული გაზი არ უნდა გამოიყენოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გაზსადენი საშუალებას მისცემს მოსკოვს, მოახდინოს აღმოსავლეთ ევროპის გაზის მომარაგებაზე მანიპულირება და ქვეყნებზე ზეწოლა, რაც მიუღებელია. ასევე ეს ხელს შეუწყობს გერმანიის და რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც საშიშია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით,"- აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი.

სანქციების პირველი ნაწილი "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" წინააღმდეგ კონგრესმა 2019 წელს დააწესა, რასაც 2020 წლის დეკემბერში, სანქციათა მეორე რაუნდი მოჰყვა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ გაზსადენის პროექტის დასრულებისთვის, ხელის შეშლა ჯერ კიდევ არ არის გვიანი და თუკი ადმინისტრაცია სანქციებს აამოქმედებს, გაზსადენი შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მშენებლობას, მოსკოვი, სავარაუდოდ, ივნისში დაასრულებს.

"როდესაც რუსეთი ნავთობის ან გაზის ალტერნატიულ ინფრასტრუქტურას ქმნის, რასაც, როგორც წესი, პოლიტიკური მიზნით აკეთებს, ის თიშავს ძველ ინფრასტრუქტურას იმ მეზობლებისთვის, რომლებიც მისი პოლიტიკური მომხრეები აღარ არიან. უახლოეს მომავალში, "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" დასრულების შემდეგ, ამას უნდა ველოდოთ. უბრალოდ, დროის ამბავია,"-  აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი  ანია გრიგასი.

დოკუმენტში, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა, არის რეკომენდაცია ამერიკის ადმინისტრაციის მიმართ, დაადოს სანქციები გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერს და ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის კონსორციუმის მმართველ დირექტორს მათიას ვარნიგს. ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირს შეუძლია ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის დარღვევის საბაბით, ეს პროექტი შეჩეროს

დღის ამბები