19 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" ოპერატორ კომპანიას აშშ სანქციებს არ დაუწესებს - გერმანია ბაიდენის გადაწყვეტილებას კონსტრუქციულ ნაბიჯად აფასებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი "კონსტრუქციულ ნაბიჯს" უწოდებს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ დაუწესოს სანქციები გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" ოპერატორ კომპანიას და მის გერმანელ დირექტორს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაც და რუსეთის პრეზიდნტის მოკავშირე მისი ხელმძღვანელიც, ამერიკის კონგრესის მიერ წარმოდგენილ სანქციებს ექვემდებარებიან. 

"არსებობს პრეზიდენტის უარი, "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" კომპანიასა და მის პრეზიდენთან დაკავშირებით. ჩვენ ამას კონსტრუქციულ ნაბიჯად მივიჩნევთ და კმაყოფილები ვართ, სამომავლოდ გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს პარტნიორ ვაშინგტონთან. ვფიქრობ, მოლაპარაკებებისთვის კიდევ 3 თვე მოვიგეთ," - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვმია, რომ სანქციების სიიდან ოპერატორი კომპანიის და მათიას ვარნიგის გამორიცხვა, ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია. 

"დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის კანონის ფარგლებში, კონგრესს წარუდგინა მოხსენება შესწორებებით, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მშენებლობაში ჩართული 4 ხომალდი, 5 ორგანიზაცია და ერთი პირი. მათ შორის, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის კორპორაცია და გენერალური დირექტორი მათიას ვარნიგი. მოხსენებაში აღნიშნული პირები სანქციებს ექვემდებარებიან. ამასთან, მე მივედი დასკვნამდე, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" კორპორაციის და მისი გენერალური დირექტორის მათიას ვარნიგის წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმა, შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია,"- ნათქვამია სახდეპის განცახდებაში.

ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მთავარი მიზანი, გერმანიასთან და მის კანცლერ, ანგელა მერკელთან ურთიერთობების დათბობაა, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში უკიდურესად გამწვავებული იყო. ბაიდენი, რომ ბერლინთან ურთიერთობას უფრთხილდება, ეს ბლინკენის დღევანდელ განცხადებაშიც ჩანდა.

სახელმწიფო მდივანმა ახსენა პრეზიდენტის დაპირება, ევროპაში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენაზე.

"ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" მიმართ ამერიკის კონგრესში ორპარტიული წინააღმდეგობაა. კანონმდებლების მწვავე კრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის მისამართით უკვე დაიწყო. 

"მე ვეწინააღმდეგები პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის კორპორაციის და მათიას ვარნიგის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის შესახებ. დაბეჯითებით მოვუწოდებ ადმინისტრაციას, მოიცილოს ეს სახვევი, უკან წაიღოს უარი და განაგრძოს კონგრესის მიერ დაწესებული სანქციები,"- აცხადებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდეზი.

დღის ამბები