19 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
"ჰაერში გოგირდის სუნი დგას... ცა არის სულ წითელი" - კონგოში ვულკანის ლავამ ქალაქის აეროპორტამდე მიაღწია

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. BBC-ის ინფორმაციით, მთა ნირაგონგოდან ლავის შადრევნები იფრქვევა, ქალაქ გომას თავზე სქელი, წითელი ღრუბელი ადგას. ქალაქში 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 

ლავამ უკვე მიაღწია გომის აეროპორტს.

ვულკანი, რომელიც გომადან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ბოლო 2002 წელს ამოიფრქვა, 250 ადამიანი იმსხვერპლა და 120000 უსახლკაროდ დატოვა. 

დღეს, დილის საათებში ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ახლოს მდებარე რუანდას საზღვარს მიადგა, ნაწილმა კი მთებს მიაშურა, ქალაქის დასავლეთით. რუანდის ხელისუფლების განცხადებით, გომადან, დაახლოებით, 3 ათასი ადამიანი მიიღეს. მათ სკოლებსა და სალოცავებში დააბინავებენ

"სახლში ვიყავი და ყვირილი გავიგე, გამოვედი, დავინახე, რომ ცა იყო სულ წითელი... ძალიან ვნერვიულობ, ვულკანმა 2002 წელს ჩვენი სახლები და სხვა ქონება მთლიანად გაანადგურა. მეშინია, რომ ამჯერადაც ასე არ მოხდეს," - ამბობს გომის მცხოვრები რიჩარდ ბაჰატი

უმეტეს დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, ლავამ დაფარა საქალაქთაშორისო გზაც. 

"ჰაერში გოგირდის სუნი დგას, მთიდან ამომავალი უზარმაზარი კვამლის დანახვა შორიდანაც შეიძლება," - აცხადებს "ფრანს პრესთან" ადგილობრივი მცხოვრები კარინ მბალა

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლავის ამოფრქვევის ინტენსივობამ მოიკლო.

 

ავტორი : თინათინ კაკიაშვილი

დღის ამბები