02 სექტემბერი 2026,   17:55
ვრცლად
ვითარება გუმათში - ორ ბანაკად გაყოფილი აქციის მონაწილეები "ხმაურის აქციის" გამართვას დღესაც გეგმავენ

ხმაურიანი ღამის შემდეგ, რიონის ხეობაში სიმშვიდეა. აქციის მონაწილეები ორ ბანაკად არიან დაყოფილები. ერთი ნაწილი "ენკას" ოფისთან, მეორე კი პოლიციის საგუშაგოსთან, გუმათშია შეკრებილი.

რკინის ჯებირებთან შეკრებილი რიონის ხეობის მცველების თქმით, "ხმაურის აქციის" გამართვას ისინი დღესაც გეგმავენ. 

ადგილზე დღეს მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როდესაც აქციის მონაწილეებმა კომპანია "ენკას" ოფისიდან ტექნიკის გამოყვანის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს და გზა გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ადგილზე უკვე სიმშვიდეა.  

"იყო მცდელობა გაყვანის ერთეული ტექნიკის. ჩვენ ძირითადად მობილიზებული ვიყავით აქ მთელი ღამის განმავლობაში ბარიკადთან, ვიწვევდით ხმაურს. ვინც იყვნენ ჩვენი თანამებრძოლები დარჩენილი იმ ადგილზე, ადვილად მოხდა მათი გადაწევა სავალი ნაწილიდან და გავლა იმ ერთეული ტექნიკის. დღეს უკვე ვფიქრობთ, რომ მობილიზდება იქ უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის ბარიკადთანაც, ქვედა ნაწილშიც. უნდა გავნაწილდეთ და ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ადამიანი," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გუშინ ხმაურის აქცია პოლიციის ბარიკადებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა ღამე ორ მთავარ ლოკაციასთან გაათენეს.

აქცისი მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია, ეს არის ენკასთან დადებული ყველა ხელშეკრულების გაუქმება, კომპანიის გასვლა ხეობიდან, სამუშაოების შეჩერება და ეკონომიკის მინისტრის გადადგომა.

 

დღის ამბები