20 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
UEFA უკრაინას სანაკრებო ფორმიდან წარწერის "გმირებს დიდება!" მოშორებას მოითხოვს

UEFA-მ უკრაინას მოსთხოვა ევრო-2020 ჩემპიონატზე სანაკრებო ფორმიდან წარწერა "გმირებს დიდება" მოაშოროს. უკრაინის სანაკრებო ფორმასთან დაკავშირებით საჩივარი ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან შევიდა, სადაც ითხოვდნენ, რომ უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ფორმიდან პოლიტიკური სიმბოლოები მოეშორებინათ. გარდა წარწერისა "გმირებს დიდება!", ფეხბურთელების ყვითელ ფორმაზე დატანილია უკრაინის სახელმწიფოს კონტურები, ყირიმთან ერთად და კიდევ ერთი წარწერა "დიდება უკრაინას!"

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) გადაწყვიტა, რომ უკრაინის სახელმწიფოს კონტურების ფორმაზე დატანა არ არღვევს ორგანიზაციის წესებს, რადგან გაერო სწორედ ამ საზღვრებში ცნობს უკრაინას. სლოგანი "დიდება უკრაინას" ასევე შეესაბამება ეკიპირების სტანდარტებს, რადგან არაპოლიტიკურია. რაც შეეხება სლოგანს "გმირებს დიდება!" - ეს პოლიტიკურია და მილიტარისტულ მნიშვნელობას ატარებს.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში თვლიან, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმაზე  ლოზუნგი "დიდება უკრაინას!" ვერანაირი დათქმების მიზეზი ვერ გახდება, ხოლო ამის პასუხად ლოზუნგი "გმირებს დიდება!" ისედაც ჩაწერილია "თითოეული უკრაინელის სულში". ამასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის სახელმწიფო პატივს სცემს პრინციპებს, რომლითაც ხელმძღვანელობენ ისეთი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები, როგორიცაა UEFA და გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ უნდა მიიღონ ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისა და ჩარევის გარეშე.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრია პაველკომ განაცხადა, რომ ის ახლა რომში იმყოფება, სადაც UEFA-ს წარმომადგენლებთან უკრაინის ნაკრების საფეხბურთო ფორმაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ცნობილი მიზეზის გამო 2021 წელს იმართება. ჩემპიონატს იტალიისა და თურქეთის მატჩი გახსნის, რომელიც რომში, 2021 წლის, 11 ივნისს გაიმართება. უკრაინა პირველ მატს 13 ივნისს ნიდერლანდებთან გამართავს.

დღის ამბები