02 სექტემბერი 2026,   16:49
ვრცლად
საქართველოს საჩივრები საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ - რა მოლოდინები აქვს ქართულ მხარეს

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - სტრასბურგი განიხილავს სარჩელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მასობრივ შევიწროებას, დაკავებებს, თავდასხმებს და მკვლელობებს ეხება. ევროპულ სასამართლოს თბილისმა მიმართა 2018 წელს, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებმა კრიტიკულ ზღვარს- მოქალაქეების მკვლელობით მიაღწია. სარჩელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეებს. საუბარია სხვა არა ერთი მუხლის დარღვევაზეც.

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან წარმოებულ სარჩელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა:

"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაახლა წარმოება და  ეს იქნება ქართული მხარის კიდევ ერთი გამარჯვება და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საფუძველი, სიმართლე არის ჩვენ მხარეს და ბრძოლა გრძელდება, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გარდა ამ სარჩელისა მინისტრმა ისაუბრა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად ვადა 2021 წლის 6 სექტემბრამდე მისცა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

დღის ამბები