"თუ იუნისეფმა იკადრა და მოვიდა,რატომ არ მოდის სახალხო დამცველი, ვალდებულია მოგვმართოს ჩვენ" - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ნინოწმინდის პანიონზე "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას აღნიშნა.
ედიშერ ქარჩავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველი საპატრიარქოს მიმართავს, მზად იქნებიან ომბუდსმენთან ერთად ითანამშრომლონ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ მოვლენებზე.
"მე არაერთხელ მოვუწოდე სახალხო დამცველს, გუშინ გააკეთა განცხადება საპატრიარქომაც, ჩვენ ვეუბნებით, ჩვენი კარი, როგორც მსოფლიოში ნომერ პირველი ბავშვთა ორგანიზაციის იუნისეფმა იკადრა, მობრძანდა თვითონ, ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენი ინიციატივა იყო, თუ იუნისეფს, ევროკავშირის ორგანიზაციებს შეუძლია ჩვენთან ითანამშრომლოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისათვის, სახალხო დამცველს რატომ არ ეკადრება ჩვენთან თანამშრომლობა?
როდესაც კონსტიტუციას აფრიალებ, კონსტიტუციაში წერია მთავარი ინსტიტუცია, ასევე საპატრიარქო, რა ვქნათ ახლა, რომელი უპირატესი ნორმაა, თქვენი სახალხო დამცველის თუ მეორე ნორმა?
ჩვენ ვეუბნებით მარტივად, რომ ინსტიტუციებს შორის ურთიერთობა ხდება რაღაც სამართლებრივ საფუძველზე, ამიტომ ინსტიტუციის უფლება თუ ხდება და მისი ხელშეშლით აღკვეთა რომ განვახორციელოთ, სახალხო დამცველი ვალდებულია, რომ ოფიციალურად მოგვმართოს ჩვენ, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებსაც.
სახალხო დამცველი თუ მიმართავს საპატრიარქოს და იტყვის, რომ მის მიერ გარკვეული უფლება ირღვევა, ეკლესიამ არაერთხელ განაცხადა და პირადად მეც ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველთან, მეტი რა ენაზე ვილაპარაკო?!" - განაცხადა "დღის კურიერში" ედიშერ ქარჩავამ.
ედიშერ ქარჩავა ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში მიემგზავრება, სადაც სააღმზრდელო დაწესებულების შესახებ საპატრიარქოს პოზიციას გაასაჯაროებს.