02 სექტემბერი 2026,   16:12
ვრცლად
კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

„ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, ძლიერი ეკონომიკით, გაძლიერებული ქვეყნით, აღმშენებლობით, მოვახდინოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს ანტიქართული კამპანია, რომელში ჩართული პირები კონკრეტულ დავალებას ასრულებენ.

„ჩვენ ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით. ესენი არიან ჩვეულებრივი ქვეყნის მტრები. არაერთხელ დავრწმუნდით ამაში, არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ფაქტებით. ის, რაც 2008 წელს თავიანთი ბინძური პოლიტიკით გაუკეთეს ჩვენს სახელმწიფოს, ქართველ ხალს, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. გავიხსენოთ, თუნდაც ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით, როგორი რეაქცია ჰქონდათ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. ქვეყნის მტრები არიან. ახლაც რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს ანტიქართული კამპანია. პირდაპირ კონკრეტულ დავალებას ასრულებენ.

გავიხსენოთ ბარამიძის განცხადება, რომელმაც ქართველ ჯარისკაცებს ამხელა შეურაცხყოფა მიაყენა და ძალიან მძიმე ბრალდება წაუყენა. იგივე გვარამიას განცხადება ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, პარალელების გავლება ყარაბაღთან და ასე შემდეგ. აფხაზეთს და ოკუპირებულ ტერიტორიებს ზოგადად ეს ადამიანები რაღაც ტრავმად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ვისაც ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი უყვარს, ნებისმიერი ადამიანისთვის მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, ძლიერი ეკონომიკით, გაძლიერებული ქვეყნით, აღმშენებლობით, მოვახდინოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები