თითქმის ექვსი საათიანი შეხვედრის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მეასე სხდომა დასრულდა. მთავარი საკითხი რაც ქართულმა დელეგაციამ დააყენა ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება იყო. მათ შორისაა ზაზა გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და 2019 წელს გატაცებული გენადი ბესტაევი.
"განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად და, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, ეს თარიღი ცნობილი გახდება,"- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
ირაკლი ანთაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და შეხვედრის დეტალები გააცნო. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თუ 23 ივნისამდე ამ მიმართულებით პროგრესი არ იქნება, ისინი მის მოსანახულებლად ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე თავად გადავლენ.