აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რეგიონში ეპიდვითარების სტაბილიზაცია შეინიშნება.
როგორც ნონა ეფაძემ "დღის კურიერში" საუბრისას აღნიშნა, რეგიონში დღეში 800 ადამიანი იცრება და ივნისის ბოლოდან იგეგმება ამცრელი კაბინეტების რაოდენობის გაზრდა.
"ყველა მაჩვენებლით შეინიშნება ვითარების სტაბილიზება, ანუ მიდის ნელ-ნელა დამშვიდებისაკენ, თუმცა ეს, რა საკვირველია, ხვალ-ზეგ არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, თუ კი ის ორი ძირითადი მიმართულება, რაც არის პრევენციის საფუძველი არ იქნება შენარჩუნებული და დაცული. ეს გახლავთ რეკომენდაციების დაცვა და უმნიშვნელოვანესი ვაქცინაცია.
დღეის მდგომარეობით, აჭარაში არის ოცზე მეტი აცმრელი კაბინეტი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე ატარებს აცრების პროცესს, დღის განმავლობაში საშუალოდ იცრება 800 ადამიანი, ეს რიცხვი გაიზარდა და უკვე ივნისის ბოლოდან ივლისისათვის იგეგმება როგორც ამცრელი კაბინეტების, დამატებითი დაწესებულებების ჩართვა, ამისათვის მიმდინარეობს ადგილობრივ სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან საუბარი, რომ მოხდეს აცრების პროცესის გაფართოება," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.
ნონა ეფაძე საზოგადოებას მასობრივ იმუნიზაციამდე პირბადის ტარებას და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.