შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა ამის პარალელურად ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოქალაქეებს პრობლემები აქვთ. კლინიკაში მისულ ადამიანებს, რომლებმაც წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია, მათთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზა არ დახვდათ. ვაქცინაციის პროცესი ახლაც შეფერხებით მიმდინარეობს.
კლინიკების წარმომადგენლთა თქმით, ხარვეზი ვაქცინების გადანაწილებამ გამოიწვია.
"გარკვეული შეფერხებაა, იმიტომ რომ ხდება ანგარიშგება, რომ ზუსტად გადანაწილდეს იმ დაწესებულებებში, სადაც ადამიანებს ესაჭიროებათ მეორე აცრა. ჯერ მოხდეს მათი დაკმაყოფილება და შემდეგ უკვე გადანაწილდება ახალი ადამიანების ტალღისთვის, რომლებსაც პირველი დოზა ეკუთვნით," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილმა.
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივეარსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, მაია მახარაშვილის თქმით, წინასწარ განხორციელდა აცრის მსურველთა ინფორმირება, რომ ვაქცინაციის დრომ გადაიწია.
"მარაგის ნაკლებობაა, რომელიც ჩვენ გუშინ დღის პირველი ნახევრისთვის საკმარის გვქონდა ჩაწერილი პაციენტების რაოდენობის მიხედვით, მეორე ნახევრისკენ ვიცოდით, რომ ვერ ვივსებდით და შესაბამისად, შიდა რესურსით მოვახერხეთ და დაირეკა ყველა პაციენტთან, შეატყობინეს, რომ დღეს ვერ ჩატარდებოდა აცრა და გადაავადეს. საღამოდან უკვე თვითონ პორტალმა უზრუნველყო და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მოგვარდა," - აცხადებს მაია მახარაშვილი.