27 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
200 ლარიანი დახმარების მითვისებისთვის დაკავებული სამი პირიდან, 2-მა ბრალი აღიარა - დღეს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინებათ

"კურიერის" ინფორმაციით, თაღლითობის მუხლით დაკავებული სამი პირიდან 2-მა ბრალი უკვე აღიარა. ვაჟა ნიაურს, გივი ბაქრაძესა და თაზო შოშიტაშვილს პროკურატურა ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენს.

მოგვიანებით, სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

"თაღლითობა არის, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი, ჯგუფური და დიდი ოდენობა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც არის ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება. რა პრეტენზიებიც იყო მათ წინაშე წარდგენილი, ამ ფაქტობრივ გარემოებებზე მისცეს, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება. ბრალდება რა ფორმის იქნება, როცა გავეცნობით, პოზიციებს შემდეგ გამოვთქვამთ. გამოძიებას აქვს დაკავებიდან 48 საათი იმისთვის, რომ ბრალდება წარუდგინოს და სასამართლოს მიმართოს აღკვეთის ღონისძიებისთვის,"-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

დაკავებულებს გამოძიება პანდემიის პირობებში 10 200 ლარის ოდენობის სახელმწიფო დახმარების მითვისებას ედავება. საქმე ეხება 200 ლარიან დახმარებას, რომელსაც საჭიროების მქონე მოქალაქეების ნაცვლად სავარაუდო თაღლითების ჯგუფი იღებდა. ამისთვის კი, პროკურორის მტკიცებით, დაკავებულებს სპეციალური სქემა ჰქონდათ შემუშავებული. 

დღის ამბები