19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
8 წლის გოგონაზე მამა-შვილი ჯგუფურადაც ძალადობდა - უმძიმესი საქმის დეტალები, რომლის მასალებიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა

უმძიმესი საქმე, რომლის მასალებიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების საქმეში იმდენად მძიმე ფაქტებია აღწერილი, რომ მასალას "კურიერი" არ ასაჯაროებს. საქმეში დეტალურადაა აღწერილი, როგორ და რა სიხშირით ძალადობდნენ 63 წლის მამა და 36 წლის შვილი მცირეწლოვანზე.

ძალადობა ხდებოდა როგორც ჯგუფურად, ანუ ერთდროულად მამა-შვილის მხრიდან, ასევე ცალ-ცალკე, დანაშაულის ადგილი იყო სამზარეულო, დაკავებულების საცხოვრებელ სახლში. ძალადობის ეპიზოდების ნაწილი ხდებოდა საჯარო სივრცეშიც, ტყეში, რომელიც ბრალდებულების სახლთან მდებარეობს. 

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით ბრალს არც ერთი არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულებს, 63 და 36 წლის მამა-შვილს წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ უკვე შეუფარდა. მათი ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის გარეშე გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

განსხვავებული პოზიცია აქვს საქმის პროკურორს, რომელიც ამბობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაკავებულების დანაშაული დასტურდება. საქმის დეტალებზე ბესიკ ქვარცხავა არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ საუბრობს.

სენაკის რაიონულ სასამართლოსთან შენობიდან გამოყვანილ ბრალდებულებს ადგილობრივები გინებით და შეძახილებით დახვდნენ.

დაკავებული მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ არასრულწლოვანი დების ოჯახის წევრები და იმ სოფლის მოსახლეობაც, სადაც დანაშაული თითქმის 2 წელი ხდებოდა.

ბრალდებულების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ დაკავებულების ოჯახის წევრებიც, რომლებიც დღეს პროცესის პარალელურად სენაკის რაიონულ სასამართლოსთან იმყოფებოდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 

დღის ამბები