მორიგი სტიქიური ზონის შესახებ გეოლოგების და ექსპერტების დასკვნა ამ დრომდე არ არის ცნობილი. მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდთან რამდენიმე საათის წინ განვითარდა.
ლისი-მუხათწყაროს გზა კვლავ გადაკეტილია, ვინაიდან ცნობილი არაა რამდენად საშიში შეიძლება იყოს მეწყრული პროცესები მოქალაქეებისთვის. ტერიტორიას პოლიცია იცავს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ, მათი განცხადებით, ნაპრალის სიღრმე გაზრდილია.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ნაპრალის გაჩენა განხორციელებული სამუშაოების ბრალი იყოს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ გზის გაყვანა და არასწორი სამუშაოები მეწყერსაშიშ ზონაში არის პრობლემა.
"ასეთი ჭრის დროს აუცილებელია, რომ გამაგრებითი სამუშაოები აწარმოოთ. გზის გაყვანა და არასწორი სამუშაოების წარმოება არის ზუსტად ამის პრობლემა,"- აღნიშნა გოდოლაძემ.
სპეციალისტები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ხვალ კი ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.