"თბილისი პრაიდი" ღირსების მარშისთვის ემზადება. ლგბტქ თემი იმედოვნებს, რომ პოლიცია მათი გამოხატვის უფლებას ორშაბათსაც დაიცავს. ჰომოფობიური განწყობის მქონე ძალადობრივი ჯგუფის 23 წევრიდან წინასწარ პატიმრობაში ამ დრომდე სამი, განსაკუთრებულად აგრესიული აქტივისტი რჩება.
პრაიდკვირეული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა. გარე სივრცე ახლაც სავსეა იმ ბოთლებითა და კვერცხების ნარჩენებით, რომლებსაც ლგბტქ თემის, მათი მხარდამჭერების და სტუმრების მისამართით ძალადობრივი ჯგუფის წევრები ისროდნენ.
რადიკალი ჯგუფების ის წევრები კი, რომლებმაც ადმინისტრაციული კანონი დაარღვიეს, დააკავეს.
აგრესორების დამოკიდებულება დაგმეს დიპლომატებმა, რომლებიც კინოჩვენებას ესწრებოდნენ და "თბილისი პრაიდს" ღია მხარდაჭერას უცხადებენ.
კინოჩვენების ადგილზე განვითარებულ მოვლენებს დილიდან პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობაც და უმცირესობაც თანხმდება, რომ სამართალდამცველებმა ღონისძიების მონაწილეთა დაცვა მაღალი სტანდარტით მოახერხეს.
ექსცესებისა და დაპირისპირების ფონზე დაწყებული კვირეულის მიუხედავად, "თბილისი პრაიდი" გეგმებს არ ცვლის. ღირსების მარში 5 ივლისს მოეწყობა. ორგანიზატორები, მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველიდან დედაენის ბაღამდე მსვლელობას გამართავენ.
ძალადობრივი ჯგუფების დაკავებული წევრებიდან 20-მა პოლიციის შენობა გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე დატოვა. აღკვეთის ღონისძიებაზე კი ახლა უკვე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.