20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"65 ბავშვია და აქედან 25-მდე 2 თვემდე ასაკის" - რა მდგომარეობაა კოვიდპაციენტების მხრივ ციციშვილის კლინიკაში

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ჩვილების მდგომარეობის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, 3 მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვიდან, როგორც აქამდე იყო ცნობილი, ერთ ჩვილს "დელტა" , ხოლო მეორეს "ალფა" შტამის კორონავირუსი აქვს, მესამე ჩვილთან დაკავშირებით კი კვლევის პასუხები ჯერ კიდევ არაა მიღებული, თუმცა მასთან ინდური შტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არაა მკვეთრად გამოხატული.

"არ არის მკვეთრად გამოხატული, რომ ეს არის ინდური შტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომ-კომპლექსი, ჩვენი აზრით ეს არის ტიპური კოვიდინფექცია, თუმცა  სიმპტომები, რომელიც მკვეთრად განასხვავებდეს მით უმეტეს ახალშობილებში ამ 2 შტამს ერთმანეთისგან, ალბათ არაა და ძნელია ამის მტკიცება," - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა. მისი თქმით, სამივე ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულად მძიმეა:

"მივაღწიეთ სტაბილურობას და არ მიდის გაუარესება. სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. სამივე ახალშობილის ანამნეზს თუ გადავხედავთ, არაა დატვირთული ანამნეზი და ვერ დავაბრალებთ, რომ თანმხლები ან ქრონიკული დაავადების გამოა მძიმე მდგომაროება," - აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.

ბავშვთა კლინიკის დირექტორმა სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდპაციენტების რაოდენობაზე და საწოლფონდის შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ეტაპზე კლინიკის 50%-ია დატვირთული:

"ჩვენ კლინიკაში წევს 90-ზე მეტი პაციენტი, აქედან 65 არის ბავშვი და აქედან კიდევ შემიძლია დავაზუსტო 25-მდე არის 2 თვემდე ასაკის. დანარჩენ სულ ყველასთან დაავადება მიდის მსუბუქად. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო რომ მცირე ასაკი არ ნიშნავს, აუცილებლად იმას, რომ ყველასთან ასეთი მძიმე მიმდინარეობით წავა. რაც კოვიდინფექცია განვითარდა ქვეყანაში, სუნთქვით მხარდაჭერაზე არ გვყოლია პაციენტი ბავშვები და ეს პირველი შემთხვევებია.

ამ ეტაპზე  ჰიბრიდული სისტემით 135 საწოლია გამოყოფილი კოვიდპაციენტებისთვის, თუმცა კლინიკაში მთლიანობაში 175 საწოლია, რომელიც შესაძლებელია, სრულად კოვიდპაციენტების მომსახურებაზე გადავიდეს. ამჟამად 50%-ია დატვირთული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეანიმაცია აქვს ჩვენს კლინიკას ბავშვთა მიმართულებით," - აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა იმ რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლებიც მშობლებმა უნდა დაიცვან იმისთვის, რომ ბავშვების კოვიდინფიცირება იქნას თავიდან აცილებული:

"არ იქნება ბანალური თუ კიდევ გავიმეორებ, ჩვენთან ვაქცინაცია 18 წელზე ზევით არის დაწყებული, ამ ასაკიც ბავშვებზე არა. ერთადერთი რაც უნდა იცოდნენ მშობლებმა, თუ თავის შვილზე უნდათ მოფრთხილება, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ იყვნენ ვაქცინირებული, იხმარონ პირბადე და თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ურთიერთობისგან, ესაა ქორწილი, ქელეხი და ასე შემდეგ," - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

დღის ამბები